მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი

მომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება. კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

უკვე ცნობილია, რომ პროცესში ჩართვას არ აპირებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული რეფორმირება, ლომჯარიას პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება. პროცესში ჩართვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ფიქრობს „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის შეთანხმებასთან, შესაბამისად, ოპოზიციის განცხადებები, პროცესში არჩართვასთან დაკავშირებით, ლოგიკასაა მოკლებული.