მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. დეპუტატების შეკითხვებს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა უპასუხა. შეკითხვების ძირითადი ნაწილი მის სამოსამართლეო პრაქტიკას შეეხებოდა.

შავლიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასმართლოს თავმჯდომარედ, ასევე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შეკითხვები დაისვა სასამართლოში კლანის არსებობაზე, მის მიერ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დაყადაღებაზე და სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

გიორგი შავლიაშვილი კიდევ რვა კანდიდატთან ერთად პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. ორშაბათს გადაწყდება, წარედგინება თუ არა სია კენჭის საყრელად პლენარულ სხდომას. ორშაბათს იურიდიული კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.