მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოლოდინში

ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა განაცხადა. ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ამბობს, აგრესორი ქვეყანა მზადაა, პირისპირ შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის გაიმართოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად დაიგეგმება მოლაპარაკებები. პირველ სამ რაუნდზე, რომელიც 7 თებერვალს, 3 მარტს და 7 მარტს გაიმართა, მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს. უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნაა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ჰუმანიტარული დერეფნები მოსახლეობისთვის და დონეცკისა და ლუგანსკის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნება. პარალელურად, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები შედგეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორისაც. უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს პირისპირ, ისრაელის ტერიტორიაზე. საპასუხოდ, ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან იერუსალიმში მოლაპარაკებებისთვის. ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. ასევე გავრცელებული ცნობით, რუსეთს მოლაპარაკებების იერუსალიმში გამართვის იდეა არ უარუყვია, მაგრამ ამავდროულად ისრაელი არ არის დარწმუნებული, რომ შეხვედრას უმასპინძლებს.