მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად
მოლაპარაკებების გადამწყვეტი ფაზა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
უკრაინულ მხარესთან საუბრის შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკვე მოსკოვშია და პუტინთან შესახვედრად ემზადება. აუდიენცია ხვალისთვისაა ჩანიშნული. ვაშინგტონის პროგნოზი ოპტიმისტურია – განსაკუთრებით ფლორიდაში გამართული გუშინდელი კონსულტაციების ფონზე. თუ ამერიკის სახელმწიფო მდივანს დავეყრდნობით, ტრამპის სამშვიდობო გეგმის კორექტირებული ვერსიის განხილვის პროცესში დამატებითი პროგრესია. მოლაპარაკებებით კმაყოფილია უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც დღეს ევროპელ ლიდერებთან მართავს კონსულტაციებს. გავრცელებული ცნობით, გუშინდელი შეხვედრა ტერიტორიების საკითხს ეხებოდა, რაც ყველაზე პრობლემურ პუნქტად განიხილება. პარალელურად, მედია სამშვიდობო ზავის ყველაზე სადავო პუნქტებზე წერს და მოლაპარაკების პროცესს მიღმა დარჩენილ დეტალებსა და მხარეთა პირობებს ასაჯაროებს. ტერიტორიების საკითხთან ერთად უთანხმოების თემად რჩება ის პუნქტიც, რომელიც ნატოში უკრაინის გაწევრიანების აკრძალვას ეხება.