მოლაპარაკებები აბუ-დაბიში
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს. ზელენსკის თქმით, შესაძლოა ეს პროცესი ათასი ათასზე, ან ათას ხუთასი-ათას ხუთასზე ფორმატში მოხდეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ტერიტორიული საკითხიც დააყენა, თუმცა, ამის გადაწყვეტა, მისი თქმით, მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი. მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები დეესკალაციის ზომებზე, ენერგეტიკულ საკითხებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.