„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა
„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს. მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი.
დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.