„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ბუჩაში შევიდა

საერთაშორისო მედია განადგურებულ ბუჩაში შევიდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქში ნანახი სისასტიკით მთელი მსოფლიოა შეძრული. ბუჩაში იმყოფებოდა „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც. ის, რაც კიევის ოლქში მდებარე ქალაქში დახვდათ, მსოფლიო ლიდერების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ცალსახად რუსეთის მიერ მოწყობილ გენოციდად და სამხედრო დანაშაულად ფასდება. უკრაინის ხელისუფლება სასტიკი დანაშაულების ჩამდენ და დავალებების გამცემ პირთა გამოსავლენად საერთაშორისო გამოძიებების დაწყებას ითხოვს და მტკიცებულებებს აგროვებს. ბუჩაში დღეს უკრაინის გენერალური პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ.

ასეულობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი ცხედრები, ნაწამები ადამიანები, დანგრეული შენობები, განადგურებული ინფრასტრუქტურა – რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე მუშაობდნენ დღეს ბუჩაში.