მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა ოპონენტების მისამართით

21:06, 27.08.2026

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წარმართული კამპანიების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციას, ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ბოდიშის მოხდას სთხოვს. ფარისევლობა, სიყალბე, უვიცობა – ასე ახასიათებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე 2022 წლის შემდეგ ოპოზიციური ძალების და მათთან დაკავშირებულად მიჩნეული მესამე სექტორის პოზიციონირებას და ქმედებებს. იგულისხმება ის გზავნილები, რომლებიც უკრაინაში ქართველი მოხალისეების სამთავრობო რეისით არგაშვებას, უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევას და სანქციებზე არმიერთებას მოჰყვა. ლევან მაჭავარიანი საკუთარი განცხადების ადრესატებს გარე ძალების დავალებით მოქმედ აგენტურად მოიხსენიებს და მათ მიერ კოორდინირებული კამპანიების მიზნად ქვეყნის ომში ჩართვას აცხადებს.

ვრცელ წერილში მოყვანილია კონკრეტული განცხადებები, თბილისში გამართული აქციები და ის გზავნილები, რომლითაც, დეპუტატის აზრით, „ქართული ოცნებისგან“ უკრაინის წინააღმდეგ განწყობილი ხელისუფლების იმიჯის შექმნას ცდილობდნენ. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით წერილში დასმულია კითხვები ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მისამართით გაცემულ დაპირებებსა და დღევანდელ მოცემულობაზეც.

ყველა ბრალდებას ადრესატები პროპაგანდად მიიჩნევენ და უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური თბილისის პოზიციონირებას მწვავედ აკრიტიკებენ. თემა, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში ქვეყანაში პოლარიზაცია მკვეთრად გაზარდა, ლევან მაჭავარიანის წერილის შინაარსმა პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გაააქტიურა.

მსგავსი