თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო ბრალდება ოთხ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხოლო გიორგი პაპაშვილს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას ედავება. საქმის პროკურორის განცხადებით, პაპაშვილმა გარდაცვლილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა. დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.