ამ დრომდე არ არის დაკავებული პირი, რომელმაც გუშინ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე მოკლა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, როგორ უახლოვდება თავდამსხმელი 58 წლის ბიზნესმენს და მის თანმხლებ პირს, შემდეგ კი ისმის რამდენიმე გასროლის ხმა.
დაჭრილია 50 წლამდე მამაკაციც, რომელიც მოკლულს თან ახლდა. ის თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ადგილზე ცხრა გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, მათივე თქმით, მკვლელი არ დაუნახავთ. ჯანგველაძის ნათესავები კი პირველ არხთან საუბარში ამბობენ, რომ მამაკაცი ვაკეში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.