მკვლელობა კახეთში

ამ წუთებში თელავის პროკურატურაში მოწმეებს კითხავენ. დაკავებულია მოქმედი პოლიციელი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მკვლელობის საქმეზე აიყვანეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამ წუთებში სამართალდამცველების შეკითხვებს თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი პასუხობს, რომელმაც მომხდარის დროს მცირე დაზიანება მიიღო.

ამ ეტაპზე უცნობია, რას აცხადებს თავად ვანო ზანდარაშვილი. ის ადვოკატმა ახლა უნდა მოინახულოს. საქმეს პროკურატურა იძიებს, უწყების ცნობით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოხდა. სხვა დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს.

გავრცელებული ინფორმაციით კი სამართალდამცველი და გარდაცვლილი ზურა საჩიშვილი, ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. მკვლელობა კი ახმეტა-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იარაღიდან დაახლოებით ექვსჯერ გაისროლეს. კლინიკის დირექტორი ადგილზე გარდაიცვალა.