მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე

გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული გოგებაშვილის ქუჩაზე მისი დასაცავი პირის ნათესავთან, გივი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად მარგველაშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხების არეში დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა შეიარაღებულს ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში რამდენჯერმე ესროლა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც, უწყების ინფორმაციით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა.

დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, ასევე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.