მიწისძვრის შედეგები მაროკოში

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 100 აჭარბებს – დაშავებულია 2 421 მოქალაქე. უკვე მესამე ღამეა, რაც ადამიანები ღია ცისქვეშ რჩებიან. დანგრეულია სახლები. ზოგიერთი სოფელი მთლიანადაა განადგურებული. მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველები ძიებას ტექნიკის გარეშე აქტიურად აგრძელებენ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა. მაროკომ დახმარება უკვე მიიღო ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. საფრანგეთი, აშშ და ზოგიერთი სხვა ქვეყანა აცხადებენ, რომ ისინიც მზად არიან დასახმარებლად.

როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, მიწისძვრის შედეგად დაინგრა ისტორიულად მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნის მეჩეთი, ასევე დაზიანდა ძველი ქალაქი მარაკეში, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რაც მაროკოში საუკუნის განმავლობაში მომხდარა.