მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 

12:03, 13.02.2026

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია იხსნება. მასში მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოს მეთაური, ასევე 120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ. მიუნხენში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება კოლეგა მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილეობენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი. ღონისძიებას სიტყვით გახსნის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც, სავარაუდოდ, ტრანსატლანტიკური კავშირების გამყარებასა და ევროკავშირის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 5 000 პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან. დაგეგმილია რამდენიმე საპროტესტო აქცია და შეკრება. კონფერენციაზე გამგზავრებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან დისკუსიებში „გულწრფელობას“ ელოდება და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

 

მსგავსი