მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება – წელს ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების საკითხია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დაეთანხმება მის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარზეც.

ზელენსკის თქმით, ზაფხულში ბელარუსში 150 ათასი რუსი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებმაც, შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებს შეუტიონ. უკრაინის პრეზიდენტმა კონფერენციაზე განაცხადა ისიც, რომ მზადაა არჩევნების საკითხზე სასაუბროდ, თუმცა, უკრაინელები ამის კატეგორიულად წინააღმდეგები არიან.

მიუნხენის კონფერენციის მეორე დღეს სიტყვით გამოვიდა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში უცხოური ჩარევა გააკრიტიკა. შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ, ვინც „განადიდებს ან ამართლებს დანაშაულებრივ ნაციონალ-სოციალიზმს“. შოლცმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დღევანდელი დემოკრატია გერმანიასა და ევროპაში ეფუძნება ისტორიულ ცნობიერებას.