მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. არაოფიციალური ინფორმაციით, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს, თუმცა, მეზობლები ამბობენ, რომ მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ და ტერიტორიაზე არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ოთხი ჭრილობით გოგოჭური გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმის თქმით, ოთხივე ჭრილობა გამჭოლია და ქვედა კიდურების არეში აღენიშნება. დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

როგორც დაშავებულის ექიმი აცხადებს, დაზიანებების გათვალისწინებით, შესაძლოა, პაციენტი კლინიკაში ერთ კვირას დარჩეს. რაც შეეხება გამოკითხვას, მინდია გოგოჭურთან სამართალდამცავები გასაუბრებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც პაციენტს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.