მიხეილ თოდუას სასამართლო პროცესი

სასამართლომ მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში დატოვა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა პრობაციის სამსახურის მეორე შუამდგომლობა შინაპატიმრობის საათების გაზრდასთან დაკავშირებით. მუსიკოსს შინაპატიმრობის პერიოდი ორი საათით გაეზარდა და მას 19:00-დან დილის 08:00 საათამდე მოუწევს შინ ყოფნა.

პრობაციის სამსახური აცხადებდა, რომ მუსიკოსს შინაპატიმრობის წესების დარღვევა არასაპატიოდ ჩაეთვალა. თოდუას ადვოკატის თქმით კი, მუსიკოსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, პრობაციის სამსახურს წინასწარ აფრთხილებდა და საათების გადაცილება საპატიოდ ეთვლებოდა.

მიხეილ თოდუას 2013 წელს ცხრა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის. ის თითქმის ექვსი წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.