მიხეილ კალანდიას ადვოკატის სარჩელი

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა – ზურაბ თოდუამ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის – გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას გულისხმობს.

თოდუას განმარტებით, მან დააყენა შუამდგომლობა, სადაც ის უზენაესი სასამართლოდან მოითხოვდა მსჯავრდებული გ.ჯ-სა და გ.ბ-ს  მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენს, სასამართლოს სხდომის ოქმთან ერთად. თუმცა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნულზე უარი თქვა, რითაც ადვოკატის თქმით, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი.

ასევე, დღეს გაიმართება მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი, სადაც ადვოკატი ზურაბ თოდუა დააყენებს შუამდგომლობას ხუთი მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით. მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის წევრი – დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო.