მეხუთე დღე მიწისძვრიდან

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაღუპული, საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროცესში 100 ქართველი მაშველია ჩართული. ამასთან, საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.

პარალელურად, თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ თურქეთის ყველა მოქალაქე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს.