გამანადგურებელი ხანძრის მეხუთე დღე კალიფორნიაში – ლოს-ანჯელესის ოლქში ტყის ხანძრის სულ მცირე ექვს კერას ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. 100 ათასმა ადამიანმა კი ევაკუაციის ბრძანება მიიღო. ამ ეტაპზე ევაკუირებულია 180 ათასზე მეტი მოქალაქე. ხანძრის ჩაქრობასა და სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, რომელიც, ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო ორი დღეა, შედარებით შესუსტდა.
ლოს-ანჯელესის ზოგიერთ რაიონში გამოცხადებულია კომენდანტის საათი, სადაც პოლიცია პატრულირებს. მოროდიორობის ბრალდებით 20 ადამიანია დაკავებული. ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი – მიზეზების დასადგენად და იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია წყლის წნევის დაკარგვა, კალიფორნიის გუბერნატორი დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.