მხარეთა ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ახლო მომავალში ხელმოწერის თაობაზე იტალიისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმება შედგა. საკითხთან დაკავშირებით, რომში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და იტალიაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, შეხვედრა გამართეს იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში. მხარეებმა განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა. საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან.