მართლმსაჯულების რეფორმა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად ემზადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატის დოკუმენტაციის შესწავლას დაასრულებს, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მოსმენის კონკრეტული გრაფიკი გაიწერება, ამის შემდეგ კი პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის. უკვე ცნობილია, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ჩაერთვება.

მმართველი გუნდი ოპონენტების გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულია და აღებული ვალდებულება, მათ შორის მოსამართლეების ნაწილში, ჯერ კიდევ დოკუმენტზე ხელმოწერამდე, 19 აპრილამდე შეასრულა.