ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები – მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სიჭინავა და ესებუა 16 იანვარს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკის გასროლის გამო დააკავეს. სამართალდამცავები მათ 173-ე მუხლით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის, ანუ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევას ედავებოდნენ. ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.