მარცვლეულის შეთანხმების ვადა გახანგრძლივდა

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ამოეწურა, განახლდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრიც და იუწყება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, თურქეთის პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს შეთანხმების დაცვისთვის. მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, მსოფლიო ბაზარზე 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, მანამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ თანახმაა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, ოღონდ მხოლოდ 60 დღით. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურებოდა.