ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს სასამართლო. ბრალის ოფიციალურად წარდგენა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაკავებულები დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს. სამი პირს – მამუკა ბაღდავაძეს, გიორგი მიქაძესა და გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი პირადად გააცნეს, ხოლო გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.
ძმები მიქაძეების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების გადმოცემა ამ ეტაპისთვის ვერ მოესწრო და სხდომამდე გაეცნობა მათ. მისივე თქმით, არა სწორია, რომ დავით მიქაძე რამეს გაურბის, მისი აზრით, დავით მიქაძეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა ასეთ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, მიქაძეების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. გიორგი ჯოხაძის უფლებადამცელი, ლიკა ბითაძე წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანოში მაშინ გამოცხადდება, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდება, თუმცა, ზუსტი დრო მისთვის უცნობია. რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მისი ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი სასამართლოში დღეს ყველა ბრალდებულის მიმართ გაიმართება.