ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სხდომას გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე ესწრებოდნენ. დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
პროკურორმა ისაუბრა დაკავებული პირების მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეზე. დაცვის მხარემ დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლებას 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატმა კი ბრალდებულის გათავისუფლებისთვის 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. გიორგი მიქაძის ადვოკატმა გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსამართლეს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი მიქაძემ ისარგებლა და განაცხადა, რომ სანამ დააკავებდნენ, გაფრთხილება მიიღო დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, ქვეყანა არ დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.