ლევან იოსელიანის განცხადება

„დღეს ლვოვში ის ადგილი დაბომბეს, სადაც ჩვენმა მატარებელმა გუშინ გაიარა. ასეთ ვითარებაში ჩასვლა და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვს,“ – ასე ეხმაურება უკრაინაზე მორიგ თავდასხმას და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ლევან იოსელიანი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თითქმის სრული საპარლამენტო დელეგაცია ჩავედით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა. სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო ამ გაფუჭებული ურთიერთობის. წინ ბევრი რამაა გასაკეთებელი. „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არაფერში არ ჯდება. ერთიან ვიზიტში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საკუთარი თავი ყველას მიღმა დააყენეს და ქვეყნის ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე, ყველაზე რადიკალ ძალებს და მხარდამჭერებს ასიამოვნეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ეს რადიკალიზმი მათთვის რამდენად ძვირფასი „მონაპოვარია“ და რამხელა პოლიტიკურ ეგოზე დგას მათი ეს „შეუპოვრობა“. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამ გამარჯვებაში ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ როგორც შეგვიძლია, ესაა დღეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი და არა საკუთარ პარტიებზე ფიქრი. ვკითხულობთ ლევან იოსელიანის განცხადებაში.