ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

12:03, 23.05.2026

ლევან ახობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდება მას საქართველოს პროკურატურამ წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული თანხა 40 მილიონი რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით მილიონ 164 000 ლარი), რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩამოერთვა. ჯარიმის გადახდის შემდეგ კი ლევან ახობაძემ მეწარმეს, ქრთამის სახით, 500 ათასი ლარი მოსთხოვა, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევის შედეგად კი თანხა განახევრდა და ახობაძემ 250 ათასი ლარი მიიღო.

ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საკუთარ სახლში დააკავა, ბინაში ჩატარდა ჩხრეკაც. დაკავებულის ადვოკატები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ინფორმაციის გასაცნობად.

მსგავსი