„ლენდ ლიზის“ აქტი უკრაინის მხარდასაჭერად

ისტორიული დოკუმენტი ხელმოწერილია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აშშ-მა „ლენდ ლიზის“ აქტი დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას გამარტივებულად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გავლის გარეშე მიაწვდის. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი გავრცელდება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებზეც, რომლებზეც რუსეთის აგრესიამ გავლენა მოახდინა.

კონგრესის მიერ 28 აპრილს მიღებულ კანონს ამერიკა ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევს. დოკუმენტი პირველად ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების დასახმარებლად 81 წლის წინ დამტკიცდა, მაშინ საერთო ჯამში 50 მილიარდი დოლარის დახმარება გაიცა.