„ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელი
კოალიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც მათი თქმით, „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. როგორც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, კონსტიტუციურ სარჩელზე რამდენიმე თვე მუშაობდნენ და წარმოადგინეს სამართლებრივი დასაბუთება, რომ ეს მხოლოდ რეგულაციის ცვლილება კი არ არის, არამედ ანტიკონსტიტუციური აქტია.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებს, საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ და ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული არ აქვთ. ასევე, მათი განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარ არგუმენტებს წარუდგენს.