„ლელოს“ რეზოლუციის პროექტი - პოლიტიკური შეფასებები

კიევის ოლქში მდებარე ქალაქებში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ეხება რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ლელომ“ მოამზადა.

ოპოზიციური პარტიის ინიციატივა პოლიტიკური უთანხმოების საგანი ხდება. ავტორები ბუჩასა და სხვა მიმდებარე ქალაქებში გამოვლენილ სისასტიკეს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აცხადებენ და საერთაშორისო საზოგადოებას მათ დაუყოვნებლივ გამოძიებას და რუსეთის პირველი პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვენ. მიმართვის ადრესატია საქართველოს მთავრობაც, რომელსაც მოუწოდებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომზე წარმოებული საერთაშორისო სამართლებრივი დავის დროს მიღებული გამოცდილება გაუზიარონ. მმართველი გუნდი ინიციატივის განხილვას არ აპირებს. „ქართული ოცნებიდან“ ოპონენტებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ იმ საჩივარს ახსენებენ, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ, საჩივარს 40-მდე ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება.