ლაშა გოგიას აღკვეთის ღონისძიება

ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ყოფილი მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე მერს გია გულორდავას ბრალი გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს. მათ გამოძიება საჯარო მოხელის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატების ცნობით, ბრალდებულები ბრალდების ამ ვერსიას არ ეთანხმებიან.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ბიზნესმენს, ზურაბ კვირკვიას ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 ამერიკული დოლარი.

შეგახსენებთ, რომ მოკვლევის პროცესი სექტემბრიდან მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლაშა გოგიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდში ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.