„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის სასამართლო
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ. ამ წუთებში ვლადიმერ სტეფანიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მიმდინარეობს მსჯელობა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გამოძიება მას უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება. ადვოკატის თქმით, მიწა სადაც სტეფანიანი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, მის საკუთრებაში იყო. პროკურატურის ინფორმაციით, „კრისტალ ჯგუფში“ შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.
სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. ამ გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვლადიმერ სტეფანიანს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.