„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის სასამართლო
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს – ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები დაასახელა. სტეფანიანს პროცესზე საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, ადვოკატი კი მის გათავისუფლებას 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. გამოძიება მას უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება.
ინტერესების დამცველის ცნობით, მიწა, სადაც სტეფანიანი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, მის საკუთრებაში იყო. პროცესზე ცნობილი გახდა, რომ სტეფანიანს მშენებლობის ნებართვაც ჰქონდა, თუმცა, ვლადიმერ სტეფანიანმა იმაზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, ვიდრე მას ამის ნებართვა ჰქონდა. პროკურორის თქმით, სტეფანიანი ამ ფაქტს არ უარყოფს.
„კრისტალ ჯგუფში” შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.