კონტრაბანდის საქმე - სასამართლო პროცესი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტრაბანდის საქმეზე პროცესი იწყება. სასამართლო ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც მარკის გარეშე ამზადებდნენ ფილტრიან სიგარეტსა და ინახავდნენ შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საუბარია ორი მილიონ 176 ათას ლარზე მეტი ღირებულების 325 ათასამდე კოლოფზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე განცხადება გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სქემაში ჩართული კომპანიების მფლობელი, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრია.