ომში მყოფი ქვეყნების პირველი პირების პირისპირ შეხვედრის ორგანიზებამდე ამერიკელი და ევროპელი ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობენ.
განიხილება რამდენიმე ვარიანტი. კიევისთვის შეიარაღების და თავდაცვის სისტემების მიწოდების გზების განხილვასთან ერთად, საუბარია ევროპული სამხედრო კონტინგენტის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებაზეც. ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას კატეგორიულად გამორიცხავს ვაშინგტონი, თუმცა კიევს მხარდაჭერას ჰპირდება. კონკრეტული დეტალები ამ შემთხვევაშიც უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მექანიზმებზე მსჯელობა შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით წარიმართება. ვიდრე ამერიკელი და ევროპელი ლიდერები უკრაინის დაცვის გეგმაზე მსჯელობენ, ცნობილი ხდება კრემლის პოზიცია – მოსკოვი მის გარეშე შეთანხმებულ, კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმებას არ აპირებს.