კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებზე პოზიციების დაახლოება შეძლეს – ასეთია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ორდღიანი კონსულტაციებისა და შეხვედრების შედეგი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, გუნდი შეთანხმდა ერთიან პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში უნდა გამოცხადდეს ღია კონკურსი და ამ კონკურსში კანდიდატის ნომინირების უფლება ექნებათ როგორც ადვოკატებს, ისე სამეცნიერო წრეებსაც. კიდევ ერთი შეთანხმების მიხედვით, მმართველი გუნდი თვლის, რომ მას შემდეგ რაც საგაზაფხულო სესიაზე წარმოდგენილი იქნება მოსამართლეთა სია, კანდიდატებს კენჭი ინდივიდუალურად ეყრებათ და არ იქნება ერთიანი სიის ერთიანი კენჭისყრა.

მიუხედავად ამ საკითხებზე ერთიანი პოზიციისა, მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ კვლავ რჩება საკითხები, რომელზეც ჯერ კიდევ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა. გარდა ამისა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, უკვე დაანონსდა, რომ კვირას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფის პირველი გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უკვე კონკრეტულად კანონპროექტის დონეზე დაიწყება მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა შეარჩიონ.