კომპანია „Demaclenko“-ს სარჩელი

იტალიური კომპანია „დემაკლენკოს“ იურისტები აცხადებენ, რომ 2023 წელს ბაკურიანში დაგეგმილ სნოუბორდის ჩემპიონატთან დაკავშირებით, შესყიდვა სახელმწიფო კომპანიამ არაობიექტურად, არაკონკურენტულ გარემოში განახორციელა. იურისტების განცხადებით, სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეის“-მა 137 მილიონ 800 ათას ლარზე გამოაცხადა შესყიდვა, როცა რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო. მათივე განმარტებით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემას კომპანია „დემაკლენკო“ 47 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სხვა, ასევე იტალიური კომპანია გახდა გამარჯვებული.

როგორც კომპანია „დემაკლენკოს“ იურისტები აცხადებენ, ერთ კომპანიაზე მორგებული პირობები, კერძოდ, ისეთი წლიური ბრუნვა და ასევე სხვა ISO სერთიფიკატები იყო მოთხოვნილი, რაც კონკრეტულად მორგებული იყო მათ კონკურენტ კომპანიაზე და თავიდანვე ნათელი იყო, რომ გამარჯვება მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლებოდა.

იურისტების განმარტებით, „დემაკლენკო“ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა. მას გათოვლიანების სისტემები ამერიკაში, ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ჩინეთში რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს უზრუნველყოფილი. 2014 და 2021 წლებში საქართველოში „დემაკლენკოს“ განხორციელებული აქვს პროექტები ბაკურიანში და გუდაურში.

მოპასუხე – შპს „ემ თი ეის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დამატებითი განმარტებების გაკეთებას აღარ აპირებენ. მათ უკვე გავრცელებული აქვთ საპასუხოდ განცხადება, სადაც აღნიშნულია კონკრეტული გარემოებები, რის მიხედვითაც, „დემაკლენკო“ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.