კლუბ „ბასიანთან“ სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

კლუბ „ბასიანთან“ სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. გამოძიებამ ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დააკავა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც, დიჯეისთან შელაპარაკების გამო, მას ტერიტორია დაატოვებინეს და აღარ შეუშვეს, ამის შემდეგ კი ის კლუბთან მიბრუნდა და დაახლოებით ათზე მეტი გასროლა განახორციელა.

გამოძიების ინფორმაციით, ის საკუთარ სახლთან დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას, ამოიღეს ექვსი დანა და ასევე 23 ვაზნა. დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.