მოლდოვაში, კიშინეუს აეროპორტში ერთ-ერთ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც უკრაინიდან გამოიგზავნა და თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო. ასაფეთქებელი პულტი მართვად სათამაშო ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ის გააუვნებელყო.
როგორც მედია იუწყება, ნივთი უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს. აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება, თუმცა, ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.