ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება

მთელი მსოფლიო სეზონის მთავარი საფეხბურთო მატჩის მოლოდინშია – დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის თასის აწევას ზედიზედ მეორედ შეეცდება, „არსენალს“ კი შანსი აქვს, ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვოს.

დღევანდელი დაპირისპირება საინტერესო სტატისტიკითაც იქნება დატვირთული – „პარი სენ-ჟერმენს“ ერთი გოლის გატანა სჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეოროს. პარიზელებმა 2025-26 წლების სეზონში მეტოქის კარი 44-ჯერ აიღეს, რაც „ბარსელონას“ მიერ 1999-2000 წლების სეზონში ნაჩვენებ შედეგზე ერთით ნაკლებია.

აღსანიშნავია ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევებიც. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე ჩემპიონატზე 16 საგოლე მოქმედება აქვს გაკეთებული და საუკეთესოთა შორის არის. დღევანდელ მატჩს სტადიონზე 67 000 ადამიანი დაესწრება, მსოფლიო მასშტაბით კი, უეფა-ს პროგნოზით, 450 მილიონი მაყურებელი ეყოლება.