ხმაური რუსთავის საქალაქო სასამართლოში

ხმაური იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.

ზურაბ ჯღარკავას 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი, გიორგი ასათიანი კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი ცხრა წელი.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს პირველი ოქტომბრიდან ეძებდა.