ხანძარი ყირიმის ხიდზე

ყირიმის ხიდზე ხანძარი იყო – რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ხანძარი სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შემდეგ ცეცხლი სარკინიგზო შემადგენლობაზე მიმაგრებულ საწვავის ავზებს გაუჩნდა. მომხდარის შედეგად ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა გემების მიმოსვლისთვის განკუთვნილი ხაზი არ დაზიანებულა.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად ჩაკეტილია. პუტინმა ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის განკარგულება პირადად გასცა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ხიდი პუტინის დავალებით 2018 წელს გაიხსნა, ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს.