კელი დეგნანის განცხადება

 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა არჩევა უნდა გადადებულიყო მრავალპარტიული და ფართო მსჯელობის გამართვამდე. ელჩმა განმარტა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იქ მოცემულ პირობებს ეთანხმებოდნენ.

რაც შეეხება გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სტრატეგიულ პარტნიორს დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება ცალკეული ჩინოვნიკების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებებს.

ამერიკის ელჩმა ამის შესახებ დედაენის ბაღში ისაუბრა, სადაც 100 მეწარმე ქართველი ქალის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. კელი დეგნანს კომენტარის გაკეთებამდე ჟურნალისტებმა 5 ივლისის მოვლენების დროს გამოხატული მხარდაჭერისთვის, მადლობის ნიშნად, ტაში დაუკრეს.