კანონპროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება.

კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური პარტიების მიმართ შურისძიებაა.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საჭიროება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავენ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს.