კანონის უზენაესობის ინდექსი - შეფასებები

ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგით, მე-17 ადგილი დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ, 100-პროცენტიანი სისტემით – 92 პროცენტი მიიღო.

საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის: გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, ესპანეთს, ბელგიას, ირლანდიას, პორტუგალიას, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, უნგრეთს, ჩეხეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, ავსტრალიას. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და ასევე, ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.