„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს, უკვე მეექვსედ ოფიციალურად გახსნა. გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული კამპანიის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტზე ბავშვთა დაცვის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებას ბოლნისის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალური მსხვერპლების ისტორიებსა და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.
ასევე, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში, სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.