„კამიტი“ გამოყენებული არასდროს ყოფილა – გამოძიების შედეგები

21:02, 06.12.2025

საგამოძებო მოქმედებები ამოწურულია – გასული საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და არც ერთი წლის წინ მიმდინარე აქციებისას გამოუყენებია. ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიების შედეგი.

93 მოწმე, 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, ამოღებული დოკუმენტაცია, ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნები – ამ მტკიცებულებებს ემყარება გამოძიების შედეგი, რომელმაც ისიც დაადასტურა, რომ 4-5 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ნამდვილად იყო გამოყენებული ნივთიერება, თუმცა ის აკრძალულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. გამოძიება დაინტერესდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების, ექიმების, ექსპერტების, BBC-ის რესპონდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა იმ ადამიანის ჩვენებით, რომლებიც, შესაძლოა, შემხებლობაში ყოფილიყვნენ აღნიშნულ საქმესთან.

მოწმე, რომლისგანაც ჩვენების მიღება სამსახურმა ვერ მოახერხა, ლაშა შერგელაშვილია, ის აკრძალული ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე მიუთითებდა. შერგელაშვილი სხვა გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს, გამოძიება კი განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული შერგელაშვილი კავშირში იყო დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენასა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან.

„კამიტის“ გამოყენებაზე ბრალდების სამართლებრივი შეფასება დასრულებულია, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, არგუმენტად კი მოპოვებულ მტკიცებულებებს ასახელებს, რომელთა საფუძველზეც საგამოძიებო უწყება დარწმუნებულია, რომ აკრძალული ნივთიერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას.

მსგავსი