კახოვკის კაშხალის აფეთქება - ვითარება ხერსონის ოლქში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს გამთენიისას ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. შემაკავებელი ბარიერის გარღვევის შედეგად, წყალმა კაშხლის ტერიტორია და მის ქვევით მდებარე დასახლებები სრულად ან ნაწილობრივ უკვე დატბორა. „უკრ-ჰიდრო-ენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. პრეზიდენტმა სტიქიის ზონაში მდებარე 80-მდე დასახლებიდან მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაციის ბრძანება გასცა. ევაკუაცია მიმდინარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დასახლებებიდანაც რომელიც რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული. ცოტა ხნით ადრე, საოკუპაციო რეჟიმი იუწყებოდა, რომ დატბორვის საშიშროების წინაშე იმყოფება 14 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 22 ათასზე მეტი ადამიანი. წყლით იფარება კაშხლის სამხრეთით მდებარე ქალაქი ხერსონიც. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში წყლის დონემ უკვე 10 მეტრით აიწია. კაშხლის აფეთქების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ზელენსკის განცხადებით, კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში. კახოვკის კაშხლის ნგრევას დაგეგმილ დივერსიად აფასებენ კრემლში და მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფენ. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დივერსია დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან მიღებული განკარგულებით. კაშხლის აფეთქების გამო, საფრთხე ემუქრება ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილების სისტემის მუშაობას. ასევე დიდი ალბათობით წყალმომარაგება შეუწყდება ყირიმს.