ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლოში ჩვენება მისცა ამავე საქმეზე ბრალდებულმა ვლადიმერ ღუდუშაურმა. ღუდუშაურმა ისაუბრა, რომ მან დავალება მიიღო უშუალოდ მაშინდელი თავდაცვის მინისტრისგან, რომ გორის ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა ეყიდა კონკრეტული პირისგან, ზურაბ ტუკვაძისგან. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, მან ინფორმაცია მიაწოდა მის ზემდგომს, გიორგი ხაინდრავას და ხაინდრავასგან მიიღო პასუხი, რადგან ეს იყო მინისტრის დავალება, უნდა შეესრულებინა. ღუდუშაურის თქმით, ის იაზრებს თავის დანაშაულს და ნანობს ჩადენილ საქციელს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი კიდევ ორი მოწმე დაიკითხება.
ბრალდებული, რომელმაც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.